ვახუშტი ბატონიშვილი

(1696-1770)

ვახუშტი ბატონიშვილი ქართლის მეფის, ვახტანგ VI შვილი იყო. ბავშვობა და ყრმობა მეფის კარზე გაატარა, სადაც პირველი სწავლა-აღზრდა მისცეს მეფის კარის დეკანოზმა იესე გარსევანიშვილმა და მისმა ძმამ გიორგიმ. მათ ვახუშტისთვის დაუსწევლებიათ წიგნის კითხვა, წერა, სიმღერა-გალობა და სამხედრო ხელოვნება (სპორტული ვარჯიშობანი). ყოველივე ეს ვახუშტის დიდ ცოდნად არ მიაჩნდა და ამბობდა, რომ საქართველოს დაშლამ და არასახარბიელო გარემოცვამ გამოიწვია ცოდნა-განათლების ასე შეზღუდვაო.

იმ პერიოდში ვახტანგ VI დაარსებული ჰქონდა „სწავლულ კაცთა“ კომისია და ვახუშტისაც საშუალება მიეცა საფუძვლიანად გასცნობოდა ქართულ სასულიერო და საერო მწერლობას. მოგვაინებით, როცა 15-16 წლისა გახდა, ვახუშტი თბილისში ჩამოიყვანეს, სადაც იმხანად კათოლიკე მისიონერები ცხოვრობდნენ. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ბატონიშვილის სწავლა-აღზრდის საქმეში. ვახუშტიმ მათგან მიიღო ევროპული განათლება.

ვახუშტი ბატონიშვილი ფრიად განსწავლული ადამიანი იყო. მან ქართულის გარდა იცოდა მრავალი უცხო ენა. მათ შორის: ლათინური, ფრანგული, ბერძნული, თურქული, რუსული, სომხური.

ვახუშტი აქტიურად იყო ჩართული ქართლის სამეფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობდა სხვადასხვა ლაშქრობებში, ერთხანს ქართლის სამეფოს გამგებლადაც დატოვეს, როცა მამამისი  ვახტანგ VI განჯაში იმყოფებოდა. ვახუშტი მეთაურობდა ლაშქარს, რომელსაც აჯანყებული ერისთავები უნდა დაემორჩილებინა, წარმატებით ებრძოდა ქართლის სამეფოს სხვადასხვა მხარეში მოძალებულ მტერს.

1724 წელს ქართლი ოსმალებმა დაიჭირეს. ვახტან VI დიდი ამალით რუსეთს წავიდა, ერთმორწმუნე ქვეყანა ქართლის გათავისუფლებაში დამეხმარებაო. მას სხვებთან ერთად თან გაჰყვა ვახუშტიც ცოლ-შვილით. ქართველებს რუსეთმა იმედი გაუცრუა, ქართლის გათავისუფლება კი არა, თვითონაც ვეღარ დაბრუნდნენ სამშობლოში. რამოდენიმე წლის შემდეგ რუსეთმა ქართველებს შესთავაზა: ან ჩვენს ხელმწიფეს დაემორჩილეთ, ან თქვენს ქვეყანაში დაბრუნდითო. ოსმალების ხელში მყოფ ქართლში დაბრუნება კი ბევრი მათგანისათვის სიკვდილის ტოლფასი იყო. ამიტომ იძულებულნი გახდნენ, რუსეთში დარჩენილიყვნენ და შემოთავაზებულ მიწები და ჯამაგირი მიეღოთ.

ემიგრაციაში აღმოჩენილი ვახუშტი განაგრძობდა საქართველოზე ფიქრსა და ზრუნვას. მას არ შეუწყვეტია მშობელი ხალხისათვის სასარგებლო მუშაობა: სხვებთან ერთად რუსულიდან თარგმნიდა სამეცნიერო-სასწავლო წიგნებს, აღადგინეს არჩილ მეფის მიერ მოსკოვში გამართული ქართული სტამბა, ბეჭდავდნენ ქართულ წიგნებს, განაგრძობდნენ სამშობლოში დაწყებულ მეცნიერულ მუშაობას, წერდნენ ლექსებს...

სწორედ რუსეთში დაასრულა ვახუშტიმ „საქართველოს ისტორიის“ შედგენა, ქართულად გადმოთარგმნა „მსოფლიო გეოგრაფიის სახელმძღვანელო“, მონაწილეობდა ერთ-ერთი ქართულ-რუსული ლექსიკონის შექმნაში.

რუსეთში ვახუშტიმ გაიცნო და დაუახლოვდა რუსეთის კულტურულ მოღვაწეებს, იგი თარგმნიდა მათ თხზულებებს. ვახუშტი მონაწილეობდა მოსკოვის უნივერსტეტის დაარსებაში. მოსკოვის უნივერსტეტის შენობაზე გაკეთებული იყო კიდეც მემორიალური დაფა, რომელზეც აღბეჭდილი ყოფილა ვახუშტი ბატონიშვილის, როგორც ერთ-ერთი დამაარსებლის, სახელიც.

ვახუშტის, როგორც მეცნიერს, კარგად იცნობდნენ დასავლეთ ევროპაშიც. როგორც რუსი, ისე ევროპელი მეცნიერები ხშირად იყენებდნენ მის თხზულებებსა თუ გეოგრაფიულ რუქებს, როგორც ავტორიტეტულ წყაროებს. ვახუშტის მიერ შედგენილი რუქები მრავალ ენაზე ითარგმნა და მსოფლიო რუქის შედგენისასაც გამოიყენეს.

საქართველოს ისტორიისადმი ინტერესი ვახუშტის ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას გაუჩნდა, როცა ვახტან VI განიზრახა საქართველოს ისტორიისათვის საჭირო მასალების შეგროვება, XIV-XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორიის აღდგენა-გამართვა (უპირატესად დოკუმენტების მიხედვით). სწორედ საქართველოში შეგროვებული მასალა წაიღო რუსეთში ვახუშტიმ, რომელიც შემდეგ მის მიერ შედგენილ „საქართველოს ისტორიას“ დაედო საფუძვლად. თუმცა იგი არა მარტო ქართულ წყაროებს ეყრდნობოდა, იყენებდა ასევე რუსულ, სომხურ, ბერძნულ, სპარსულ და სხვა საისტორიო თხზულებებსაც. ვახუშტიმ დიდი მუშაობა გასწია, რომ საქართველოს ისტორიის თარიღები სწორი ყოფილიყო, რისთვისაც საგანგებო მეთოდი შეიმუშავა.

ვახუშტიმ ძალიან კარგად იცოდა მსოფლიო ისტორია და მან პირველმა სცადა საქართველოს ისტორიის ფაქტების დაკავშირება მსოფლიო ისტორიის მოვლენებთან. თავისი მოღვაწეობით ვახუშტი ბატონიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ზოგადი ისტორიოგრაფიის განვითარებაში. მაგრამ მისი ღვაწლი მხოლოდ ისტორიის შესწავლით არ ამოწურულა. ვახუშტი შესანიშნავი გეოგრაფიც იყო. რუსეთშივე მან გამოსცა საქართველოს გეოგრაფიული დახასიათება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა საკითხებს: საქართველოს რელიეფი, ჰავა, წყლები, მცენარეული საფარი, ცხოველთა სამყარო, მოსახლეობა და მეურნეობა. ნაშრომს ერთვის ვახუშტის მიერვე შედგენილი გეოგრაფიული ატლასები. აღსანიშნავია, რომ ბატონიშვილის მიერ შექმნილი საქართველოს კლიმატური რუქა ზუსტად დაემთხვა თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილ კლიმატურ რუქას. აქედან ჩანს, რამდენად ღრმად და კარგად ჰქონდა შესწავლილი მეცნიერს თავისი მშობლიური ქვეყნის ბუნება. ნაშრომში მოცემულია მთების სიმაღლეები, სახელები, მდინარეების სიგრძეები, ტბების ადგილმდებარეობები. ვახუშტის აღწერილი აქვს მინერალური და სამკურნალო წყაროებიც.

ვახუშტი კარგად იცნობდა ასევე საქართველოს მცენარეულ საფარს, მას დაწვრილებით აქვს აღწერილი, სად რა მცენარეები ხარობს და საქართველო ერთგვარ ზონებადაც აქვს დაყოფილი. დაწვრილებით აღწერს ასევე საქართველოს ცხოველთა სამყაროსაც.

ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გარდა ამ საშრომში მოცემულია, რა სამეურნეო საქმიანობას მისდევდა მოსახლეობა. ასევე აღწერილია ზნე-ჩვეულებები, ენა, ტანსაცმელი, დასახლებათა თავისებურებები. ვახუშტი კარგად ერკვეოდა სოფლის მეურნეობაში და ზედმიწევნით გადმოგვცემს სოფლის მეურნეობის იმდროინდელ დარგებს. შრომაში მეცნიერს დასახელებული აქვს საქართველოს სიმდიდრეთა ბევრი სახე, მაგალითად, ამბობს, რომ მოიპოვებოდა ნავთობი, რკინა, ოქრო, ვერცხლი, მარმარილო და სხვ. საინტერესო ცნობებს გვაწვდის გზების, სარწყავი არხებისა და სხვა ნაგებობების შესახებ.

ვახუშტის მიერ შედგენილი გეოგრაფიული რუქების მიხედვით მრავალი რუქა შეადგინეს რუსეთსა და დასავლეთ ევროპაში. იყენებდნენ ასევე მის „საქართველოს ისტორიას“, როგორც ერთ-ერთ სანდო წყაროს.

მუდამ საქართველოზე მოფიქრალი, საქართველოს ინტერესებით მცხოვრები და საქართველოს მომავალზე მზრუნველი ვახუშტი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა. იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1770 წელს და დაკრძალეს იქვე დონის მონასტერში.

გამოყენებული ლიტერატურა:
„ქართველი მეცნიერები“
თბილისი, 1951