ოსების სამშობლო კავკასიონის ქედის გადაღმაა. ესენი გახლავთ ჩრდილო–ირანულ ენაზე მოლაპარაკე ხალხი. ქართველებსა და ოსებს ძველთაგანვე მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდათ. ქართლის მეფეები მათ დაქირავებულ რაზმებს ხშირად იყენებდნენ სამხედრო მიზნებისთვის და სანაცვლოდ ქირას, საჩუქრებსა და ნადავლს აძლევდნენ.
XI ს–ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის ცნობით, ძვ.წ. მე–3 ს–ში ქართლის მეფე ფარნავაზს ქართლის მაშინდელი მმართველის აზოს განდევნაში ოსები და ლეკები ეხმარებოდნენ.
VI-X საუკუნეებში ოსეთში ბიზანტიიდან და საქართველოდან ქრისტიანობა გავრცელდა.
II საუკუნის დამლევს ქართველების მიმართ ოსების მეგობრული დამოკიდებულება მტრობით იცვლება. ისინი დვალეთის გზით მცხეთის შესამუსრად შემოვიდნენ ქართლში, მაგრამ ქართლის მეფემ ამაზასპმა ისინი დაამარცხა და გადევნა ჩრდილოეთ კავკასიაში. ოსები ქართლში IV საუკუნეშიც გამოჩნდნენ, მაგრამ მეფე მირიანი საპასუხოდ გადავიდა ოსეთში, ააოხრა და გამარჯვებული დაბრუნდა შინ.
V საუკუნეში ირანის მიერ წაქეზებული ოსები კვლავ შემოიჭრნენ ქართლში და ქალაქ კასპში ვახტანგ გორგასლის და – მირანდუხტი – დაატყვევეს. ვახტანგმა ილაშქრა ოსეთში, დაიმორჩილა ისინი, გაათავისუფლა ტყვენი და „შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელსა ჩუენ დარიალისად უწოდეთ“. ამ კარის დაცვა ვახტანგმა იქაურ მთიულებს დაავალა.
ამის შემდეგ ქართულ წყაროებში კარგა ხანს არ იხსენიებიან ოსები. ვახტანგ გორგასლის ძლევამოსილი გამარჯვებისა და დარიალის კარის ჩაკეტვის შემდეგ, მათ დიდხანს აღარ გასჩენიათ სურვილი კავკასიონის ქედის სამხრეთით გადმოსვლისა და საქართველოს დალაშქვრისა.
XIII საუკუნეში, ქართლის შინაპოლიტიკური რღვევის დროს, კერძოდ, 1292 წელს, უმეფობის ხანაში, ოსები დარუბანდის გზით ქართლში შემოიჭრნენ, იწყეს რბევა, ხოცვა და დატყვევება ადგილობრივი მოსახლეობისა. მათ ააოხრეს და დაიპყრეს გორი.
ოს მოძალადეთა წინააღმდეგ გადამწყვეტი შეტევა დაიწყო მეფე გიორგი V ბრწყინვალემ XIV საუკუნის 20–იან წლებში. ჟამთააღმწერელის სიტყვით, მან აჰყარა ოსები ქართული მიწიდან, წაართვა ციხეები და დაბნები, რომლებიც დაეპყროთ, ქართლში მოთარეშე ოსური რაზმები გაანადგურა და ოსები გააძევა საქართველოდან.
რაც შეეხება ოსურ ახალშენებს ქართლში, მათი შექმნა გვიან შუა საუკუნეებში დაიწყო და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა. ჯერ კიდევ XIII-XIV საუკუნეებში მონღოლურმა და თურქმანულმა მოდგმის დამპყრობლებმა დაარბიეს და გაანადგურეს ჩრდილო კავკასიის ველებზე მცხოვრები ოსები. გადარჩენილთა ერთი ნაწილი ცენტრალური კავკასიონის ჩრდილოეთ მაღალმთიან რაიონს შეეხიზნა. იქ მათ არსებობის ხელსაყრელი პირობები არ ჰქონდათ და იწყეს ლტოლვა საქართველოსკენ, რომელიც განვითარებული სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათთვის მიმზიდველი იყო.
სარჩო–საბადებლის მძებნელ ოსთა პატარა ჯგუფები ქართველ მთიელთა სოფლებში ჩამოდიოდნენ ან ხიზნებად სახლდებოდნენ იქაურ ფეოდალთა კუთვნილ მიწებზე. შემოხიზნული ოსები დიდად ავიწროვებდნენ ადგილობრივ მკვიდრთ. ზაფხულიდან მოყოლებული თითქმის ზამთრამდე, ისინი თავს ესხნოდნენ ქართველთა სოფლებს, ხოცავდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას. ეს მდგომარეობა აღწერილი აქვს ბესარიონ ქართლის კათალიკოსს თავის თხზულებაში „მარტვილობა ლუარსაბ მეფისა“, რომელიც XVII – XVIII საუკუნეთა მიჯნაზეა დაწერილი.
XVII საუკუნის პირველი ნახევრის ერთი ნასყიდობის სიგელიდან ჩანს, რომ ოსები სოფელ ზემო ჯავაში ამ დროს ჯერ კიდევ არ სახლობდნენ.
XVIII საუკუნის 30–იან წლებში ქართლში ოსთა განსახლებას ასახავს ვახუშტი ბაგრატიონის რუკები და ნაშრომი „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ამ რუკებზე ოსური სოფლების ნიშნებითაა აღნიშნული დიდი და პატარა ლიახვების ზემო წელი, მეჯუდის, ლეხურის, ქსნის, თერგის სათავეები. არაგვის ხეობაში არაა არცერთი ოსური სოფელი, ასევე არაა სამუხრანბატონოში და საამილახვროში. ეს იმას ნიშნავს, რომ ოსური მოსახლეობით კომპაქტურად დასახლებული სოფლები შიდა ქართლის მთისწინეთსა და ბარში არ არსებობდა. ასეთი სოფლები მხოლოდ ხეობათა თავში იყო.
XVIII საუკუნის 70–იან წლებში მდგომარეობა შეიცვალა. ქართლში მეტი ოსი ჩანს, ვიდრე ადრე. მათი განსახლების არე სამხრეთით მოიწევს.
ერეკლე მეორის ბრძანებით 1770 წელს ჩატარდა მოსახლეობის აღწერა. აღწერასთან დაკავშირებული საბუთების შემოწმებისა და სხვა საბუთებთან შეჯერების შედეგად გაირკვა, რომ XVIII საუკუნის მიწურულს საქართველოში ცხოვრობდა 2130 კომლი ოსი.
1802 წლისთვის შიდა ქართლის იმ ნაწილში, სადაც 1922 წელს კომუნისტურმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნა, მხოლოდ 10 სოფელსა და ჟამურის ხევში (მდ. ქსნის სათავე) ცხოვრობდნენ კომპაქტურად ოსები. ცხინვალში არ სახლობდა არცერთი ოსური ოჯახი. აქ ცხოვრობდნენ მხოლოდ ქართველები, სომხები და ქართველი ებრაელები. XIX საუკუნის დასაწყისში ოსები მხოლოდ შიდა ქართლის მთაში იყვნენ. XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან ისინი შიდა ქართლის მთისწინეთში დასახლდნენ, ხოლო ინტენსიურად ბარში ჩამოსახლება მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს.
1842–1843 წლებში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე მცხოვრებ მთიელთაგან, რომლებიც გორის, თბილისისა და თელავის მაზრებში სახლობდნენ, შეიქმნა თუშ–ფშავ–ხევსურეთისა და ოსეთის ოკრუგები. ოსეთის ოკრუგი დანაწილდა ჯავის, პატარა ლიახვისა და ნარის უბნებად. 1859 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ ნარის უბანი (ისტორიული დვალეთი) ჩამოაშორა თბილისის გუბერნიას და გადასცა „კავკასიის ხაზის მარცხნენა ფრთის“ ოსეთის სამხედრო ოკრუგს, რომელიც შემდეგ თერგის ოლქში, 1924 წლიდან კი ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ–ში მოექცა. ასე ჩამოაშორეს საქართველოს ოდითგანვე მისი განუყოფელი ტერიტორია – დვალეთი.
1922 წლის 20 აპრილს შექმნილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შევიდა ქართლის მთიანეთის ჩრდილო მხარე და რაჭის ნაწილი, აგრეთვე, საქართველოს ისტორიული პროვინციები – სამაჩაბლო, ქსნის საერისთავო, საფალავანდიშვილო, საამილახვროს ნაწილი. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა იყო ისტორიულად და იურიდიულად სრულიად გაუმართლებელი აქტი, მით უმეტეს, რომ საქართველოში მცხოვრებ ოსთა ორი მესამედი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გარეთ ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შემავალი ტერიტორია არასოდეს ყოფილა ოსების სამშობლო, საქართველოში მათ მაინც ყველა პირობა ჰქონდათ ეროვნული კულტურისა და ეკონომიკის განსავითარებლად. 1990–1991 წელს აქ ფუნქციონირებდა 97 ოსური სკოლა, სადაც სწავლა მთლიანად ოსურ ენაზე მიმდინარეობდა ან ცალკე საგნად ისწავლებოდა ოსური ენა და ლიტერატურა. ცხინვალში იყო პედაგოგიური ინსტიტუტი, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკუმი, სამედიცინო, სამუსიკო, სამხატვრო, პროფტექნიკური სასწავლებლები, ასევე, სახელმწიფო ოსური თეატრი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, საჯარო ბიბლიოთეკა და ა.შ. ოსურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალ–გაზეთები. ყოველივე ამას მოკლებული იყო ჩრდილოეთ ოსეთის მოსახლეობა, სადაც მოხდა ოსი მოსახლეობის გარუსება.
1989–1992 წლებში ოსებსა და ქართველებს შორის, არცთუ რუსული მხარის ჩარევის გარეშე, ვითარება დაიძაბა, გაღვივდა სეპარატისტული იდეა, რასაც მოჰყვა ის, რომ 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის საოლქო საბჭოს სესიამ მიიღო დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ. ამის საპასუხოდ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 11 დეკემბერს მიღებული კანონით გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში საქართველოსა და რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების შეხვედრაზე მიღებული დოკუმენტით ამ ოლქის გაუქმება რუსეთმაც აღიარა.
გამოყენებული ლიტერატურა:
ჯონდო გვასალია
„საქართველო არის ესე“, ტ.8
გამომცემლობა „ციცინათელა“, 2003