ივანე ჯავახიშვილი დაიბადა 1876 წლის 11 (23) აპრილს. ჯავახიშვილებს ტრადიციული ქართული ოჯახი ჰქონდათ და შვილებსაც სამშობლოსა და დედაენისადმი უსაზღვრო სიყვარულის სულისკვეთებით ზრდიდნენ. 9 წლის ივანე თბილისის პროგიმნაზიაში შეიყვანეს, რომლის დამთავრების შემდეგ გიმნაზიის მეორე კლასში მიიღეს. მაშინ გინმაზიებში ყოველივე ეროვნული იდევნებოდა, რაც ძალიან თრგუნავდა ივანეს.
ივანე ჯავახიშვილმა ისტორიის სიყვარული და მისი შესწავლისადმი მიდრეკილება თავიდანვე გამოამჟღავნა. იგი გიმნაზიაშივე წერდა პატარა შრომებს. მისმა ნაშრომმა ანდრია მოციქულის საქართველოში მოგზაურობის შესახებ იმთავითვე მიიქცია ყურადღება. ივანეს მამა პედაგოგი ჰყავდა. იგი ცდილობდა, შვილები დაეინტერესებინა სწავლით და ყოველნაირად უწყობდა ხელს. ერთხელ მან პატარა ივანე თეძმის ხეობაში წაიყვანა რკონის მონასტრის შესასწავლად და არქეოლოგიური მასალების შესაგროვებლად. ივანე ჯავახიშვილს კარგად ეხერხებოდა ხატვა. რკონში მან მრავალი ჩუქურთმა ჩაიხატა, რომლებიც შემდეგ ჟამთა სვლამ გაანადგურა და მხოლოდ ივანეს მიერ ჩახატულიღა შემორჩა ისტორიას. ამ ექსპედიციამ ბავშვზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და კიდევ უფრო განუმტკიცა ისტორიის ღრმად შესწავლის სურვილი.
რადგან იმ დროს საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო, ქართველები სწავლის გასაგრძელებლად უცხო ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ ხოლმე, უფრო კი პეტერბურგში, სადაც ცნობილი უნივერსტეტი არსებობდა. სწორედ იქითკენ გაეშურა ივანეც და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სომხურ-ქართულ-ირანულ განყოფილებაზე შევიდა, სადაც განსაკუთრებით შეისწავლიდა საქართველოსა და სომხეთის ისტორიას. გარდა ამისა, იურიდიულ ფაკულტეტზეც ისმენდა ლექციებს.
იმხანად, პეტერბურგში ქართული სათვისტომო იყო. ივანე აქტიურად იღებდა მონაწილეობას ამ სათვისტომოს მუშაობაში. ქართულ სათვისტომოსთან რამდენიმე წრე არსებობდა მეცნიერების სხვადასხვა დარგის შესასწავლად. ივანე სათავეში ჩაუდგა საქართველოს ისტორიის, მისი სულიერი და მატერიალური კულტურის შემსწავლელ წრეს.
უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ მას შესთავაზეს უნივერსტეტში დარჩენა საპროფესოროდ მოსამზადებლად. ივანეს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია მოღვაწეობის დაწყება. ფაქტობრივად, არ არსებობდა საქართველოს ისტორიის თითქმის არცერთი სამეცნიერო დარგი. ბევრი რამ გადასინჯვას, ახლებურ შესწავლასა და შეფასებას მოითხოვდა. ივანე ჯავახიშვილმა ჩამოაყალიბა საქართველოს ისტორიის მეცნიერული დარგები - ქართველი ერის ისტორია, საქართველოს ეკონომიკური ისტორია, ქართული სამართლის ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, მეტროლოგია*, ნუმიზმატიკა*, მუსიკის ისტორია, სამშენებლო საქმე და სხვა.
ივანე ჯავახიშვილის სახელთან განუყრელადაა დაკავშირებული ქართული უნივერსტეტის დაარსება. ჯერ კიდევ პეტერბურგში ყოფნისას დაიწყო მეცნიერმა ამ საქმის განხორციელებისათვის ზრუნვა და მუშაობა, თავის გარშემო შემოიკრიბა ქართველი მეცნიერები და მიუხედავად დიდი სირთულეებისა, სხვადასხვაგვარი დაბრკოლებებისა 1918 წლის 26 იანვარს, წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელი - ქართული უნივერსტეტი. ახლად გახსნილ უნივერსტეტში პირველი ლექცია ივანე ჯავახიშვილმა წაიკითხა. იგი რამოდენიმე წელი (1919-1926) უნივერსტეტის რექტორი იყო. ხელმძღვანელობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას. ბევრი რამ გააკეთა სამუზეუმო საქმის განვითარებისათვის. მალე იგი საქართველოს მუზეუმის მეცნიერ-კონსულტანტად დაინიშნა და მუზეუმში შექმნა ისტორიის განყოფილება, სადაც ამზადებდნენ მეცნიერ-მუშაკებსაც.
ივანე ჯავახიშვილს მშობლებმა თავიდანვე შთაუნერგეს ქართული ენის სიყვარული, არ გამოსულა მისი რომელიმე ნაშრომი უცხოურ ენაზე, რომ მეცნიერს იგი არ გადმოეთარგმნოს ქართულად და მშობლიურ ენაზეც არ გამოეცეს.
ივანე ჯავახიშვილი დიდი პატივისცემით სარგებლობდა, მის ღვაწლს ყოველთვის აფასებდნენ. ამის დასტურად მას მინიჭებული ჰქონდა იმ დროისათვის უმაღლესი სახელმწიფო პრემია და არჩეული იყო დეპუტატადაც.
1940 წლის 18 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილი კითხულობდა ლექციას თემაზე „ფილოლოგიური მეცნიერების მიზნები და ქართული ლიტერატურული ძეგლები“. საკითხი ძალიან საინტერესო იყო ისტორიის კვლევისათვის. ლექციაზე მრავალრიცხოვანმა მსმენელმა მოიყარა თავი. ლექცია დაიწყო, მაგრამ... ვერ დასრულდა, რადგან დასრულდა სიცოცხლე ღვაწლმოსილი მეცნიერისა, შეწყდა მისი გულისცემა. ლექციაზე შეწყდა მისი დიდი სიცოცხლე.
ქართველმა ხალხმა ცხარედ დაიტირა დიდი მამულიშვილი და მისი ღვაწლისადმი უდიდესი პატივისცემის ნიშნად იგი მის მიერვე დაარსებული უნივერსტეტის ეზოში დაკრძალეს.
* მეტროლოგია - მეცნიერება
ზომათა და წონათა შესახებ, საზომ-საწონთა-მცოდნეობა.
* ნუმიზმატიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს
ძველ მონეტებს (ლითონის ფულს) და მედლებს.