დიმიტრი არაყიშვილი დაიბადა 1873 წლის 11 თებერვალს ვლადიკავკაზში. მომავალი კომპოზიტორი ბავშვობიდანვე იძულებული იყო ემუშავა, რათა მშობლებს დახმარებოდა. ამასთან, მღეროდა ადგილობრივ საეკლესიო გუნდში, ეცნობოდა სასულიერო მუსიკის ნიმუშებს. პატარა დიმიტრიზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ლადო აღნიაშვილის გუნდის კონცერტზე დასწრებამ.
დიმიტრი არაყიშვილმა განათლება მიიღო მოსკოვში, ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალურ-დრამატული სასწავლებლის თეორიისა და კომპოზიციის კლასში. მოსკოვში მან თითქმის 25 წელი დაჰყო. ამ პერიოდში სწავლობდა რუსი კომპოზიტორების საოპერო და კამერული მუსიკის საგანძურს. სწორედ ამ დროს შექმნა დიმიტრიმ ოპერა „თქმულება შოთა რუსთაველზე“, დაწერა ასევე მნიშვნელოვანი შრომები ფოლკლორისტიკაზე. მან ოთხი დიდი ეთნოგრაფიული ექსპედიცია მოაწყო საქართველოში, შეკრიბა აურაცხელი, მეტად ძვირფასი მასალა და ოთხ კრებულად გამოსცა. ამგვარი ექსპედიციები დიმიტრი არაყიშვილმა შემდგომშიც მოაწყო. ამჯერად მან 500-ზე მეტი ხალხური სიმღერა ჩაწერა. მოსკოვში დაიბეჭდა მისი ნაშრომი „ქართლ-კახური სიმღერის განვითარების მოკლე ნარკვევი“, მოგვიანებით კი გამოვიდა ასევე ფრიად მნიშვნელოვანი ნაშრომი „დასავლეთ საქართველოს - იმერეთის ხალხური სიმღერის შედარებითი მიმოხილვა“.
1916 წელს დაიბეჭდა მისი ფუნდამენტალური გამოკვლევა „ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედება“. პარალელურად თხზავდა რომანსებს. რომანსები დიმიტრი არაყიშვილის შემოქმედების ყველაზე საინტერესო სფეროა. მას ეკუთვნის 80-მდე რომანსი, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია: „ივერიის მთებზე“, „ვარსკვლავიანსა ღამეს“, „მე შენ გელი“ და სხვ.
დიმიტრი არაყიშვილი სათავეში ჩაუდგა ახლადდაარსებულ კომპოზიტორთა კავშირს, ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. 1949 წელს მას მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის წოდება, აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად, 1950 წელს კინოფილმ „ჯურღაის ფარის“ მუსიკისათვის მიენიჭა სახელმწიფო პრემია.
დიმიტრი არაყიშვილი გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია თბილისში, ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
გამოყენებული
ლიტერატურა:
„საუბრები ხელოვნებაზე“
გამომცემლობა მერიდიანი
თბილისი, 2003