მიხეილ საბინინი დაიბადა 1845 წელს. მისი მამა ტვერელი მღვდელი პავლე საბინინი იყო, დედა - ქართველი ქალი ეკატერინე მირზაშვილი. სწორედ დედამ ჩაუნერგა მიხეილს საქართველოსა და ქართული ეკლესიის უსაზღვრო სიყვარული.
XIX საუკუნის 60-იან წლებში მიხეილი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს, სადაც 1868 წლამდე სწავლობდა. მოწაფეობის წლებში ბევრს მოგზაურობდა, ათვალიერებდა ქართულ ეკლესია-მონასტრებს, იხატავდა ფრესკებს, იწერდა ძველ თქმულებებს. იგი თავიდანვე ვერ იტანდა ფარისევლობას, უზნეობას და ყველას დაუნდობლად ამხელდა, მიუხედავად წოდებისა და თანამდებობისა. ამის გამო ბევრი მტერი გაიჩინა, ამიტომ ვერც გიმნაზიის გამოცდები ჩააბარა, მაგრამ მაინც განაგრძო სწავლა პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში. ერთდროულად წარმატებით ჩააბარა გიმნაზიის კურსიც და აკადემიის გამოცდებიც.
მიხეილმა აკადემიაში სწავლის დროსვე წარადგინა ნაშრომი „საქართველოს ეკლესიის იტორია უძველესი დროიდან VI საუკუნემდე“, რომლისთვისაც ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.
საბინინი ჯერ კიდევ თბილისში სწავლობდა, როცა 1867 წელს ეგზარხოსს წერილობითი მოხსენება მიართვა, რომელშიც დაბეჯითებით მოითხოვდა, კეთილმოეყწოთ და სათანადო ყურადღება მიექციათ მეტეხის ტაძრის ქვემოთ მდებარე აბო თბილელის ნიშისათვის. მას წმინდა აბოს ხატიც დაუხატავს და ნიშისათვის შეუწირავს.
პეტერბურგში სწავლისას საბინინი დაუახლოვდა ქართველ საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებს, ბაგრატიონთა ჩამომავლებს, მაგალითად, ივანე გრუზინსკის, აგრეთვე, დავით ჩუბინაშვილს და სხვებს. გაუცვნია მარი ბროსეც.
ივანე გრუზინსკიმ მრავალი ძვირფასი ქართული ხელნაწერი და წიგნი გააცნო, დააინტერესა ქართულ ხელნაწერთა ისტორიით. ამავე დროს მიხეილმა ქართულიდან რუსულად თარგმნა პოლემიკური ტრაქტატი „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“ და პეტერბურგის სოლიდარულ ჟურნალში გამოაქვეყნა. პეტერბურგში ყოფნისას ბერად შედგა და მეორე სახელად აირჩია გობრონი. ამიერიდან თავის ნაწერებს ასე აწერდა ხელს: „გობრონი“ ან „მიხეილ გობრონი“.
საბინინმა არაერთხელ მიმართა იმპერატორ ალექსანდრე III და სთხოვა, დაეცვა ქართული ეკლესია და ქართველი ხალხი. ყველა წერილს, ოფიციალურს თუ არაოფიციალურს, ახლა ასე აწერდა: „ივერიელი საბინინი“.
ზაქარია ჭიჭინაძეს მიხეილი ერთ წერილში წერდა: „ეგზარხოსმა პირი მომჭამა, რომაო, შენ ქართველების მხარე გიჭირავსო და იმათი პატიოსნება გინდაო. ქართველები სულ უნდა გავასახლოთო, რომ იქ (საქართველოში - ავტ. შენიშვ.) ხსენებაც არ იყოს იმათიო და იქ რუსები და მალაკნები გადავასახლოთო. მე გავიღიღინე. გამიჯავრდა კიდეც ამაზედ!“
საბინინის მიერ დასახელებული ეგზარხოსი უნდა იყოს იოანიკე (1877-1882) ან პავლე (1882-1887), რადგან ეს წერილი 1882 წლის ახლო ხანებშია დაწერილი.
ქართული კულტურის წინაშე საბინინის უდიდესი დამსახურებაა პეტერბურგში 1882 წელს ქართველი წმინდანების ცხოვრება-მარტვილობათა გამოცემა, რომელსაც „საქართველოს სამოთხე“ ჰქვია. წიგნში გამოქვეყნებულია 50 ქართველი წმინდანის ცხოვრება და ბევრი მათგანის უბრწყინვალესი ლითოგრაფიები*, მათ შორის, წმინდა ნინოსი, წმინდა რაჟდენის, წმინდა შუშანიკის, ქეთევან წამებულის, მიქელ-გობრონისა და სხვათა.
ამ 400 გვერდიან გამოცემას ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი აღფრთოვანებით შეხვდა. ასევე მოწონებით გამოეხმაურა პრესა, მაგალითად, გაზეთი „დროება“.
1882 წელს მიხეილი ათონის ქართველთა მონასტრის რწმუნებულად დაინიშნა საქართველოში და მაშინვე მიმართა იმპერატორს, რომ დაეცვა ქართველი ბერების უფლებები ათონზე.
საბინინი აგროვებდა ქართულ ხელნაწერებს. ყოველი გაჭირვების მიუხედავად საბინინმა 1889 და 1895 წლებში ლაიპციგსა და ბერლინში დაბეჭდა შესანიშნავი ლითოგრაფია „ქართული ეკლესიის დიდება“. ხატის კომპოზიცია ასეთია: ცენტრში ანგელოზებს ჩამოშვებული აქვთ სასწაულთმოქმედი სვეტი. სვეტის ზემოთ გამოსახულია ხელებგაშლილი ქრისტე, ქვევით - მწოლიარე სიდონია უფლის კვართთან ერთად, მარჯვნივ და მარცხნივ - შარავანდედით მოსილი ქართველი მეფეები და წმინდანები.
საბინინი დაუღალავად მოგზაურობდა მთელ საქართველოში. ცდილობდა აღედგინა და დაეცვა, გაემშვენიერებინა ქართული ეკლესია-მონასტრები: დავითგარეჯა, ბოდბე, ზედაზენი, შიომღვიმე და სხვ. განსაკუთრებით იზიდავდა დავითგარეჯა. იქ ჩაიტანა ამერიკული კაკლისაგან დამზადებული მოოქვრილი კანკელები, ბერების სამოსი, გარდამოხსნა, ხატები, საეკლესიო ნივთები და ა.შ. განსაკუთრებით ზრუნავდა დავით გარეჯელის საფლავის გამშვენებაზე. მდიდარი რუსი მეცენატების დახმარებით დავით გარეჯელის განსასვენებელს მარმარილოს ძვირფასი ლუსკუმა გაუკეთა. დღეს ეს ლუსკუმა გატეხილია, შუა ნაწილი ამომტვრეული აქვს. ინახება აკად. ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არმაზის ფილიალში. ლუსკუმას ოთხივე მხარეს მიუყვება ამოკვეთილი ასომთავრული წარწერა: „გნატრით შენ, ღირსო მამაო დავით და პატივს ვცემთ წმიდასა ხსოვანებასა (შენსა). წინამძღვარო მონაზონთაო და თანამკვიდრო ანგელოზთაო, შეიწყალე საბინინი ექსორიობასა!* წელსა ჩყუბ (1893)“.
ამ წელს საბინინი მართლაც გადასახლებული იყო საქართველოდან. გაასახლეს იმიტომ, რომ მკაცრად დაუპირისპირდა ეგზარხოსების ანტიქართულ პოლიტიკას. განსაკუთრებით ამხელდა ქართველთმოძულე ეგზარხოს პავლეს და მთავარმართებელ დონდუკოვ-კორსაკოვს. იმის გამო, რომ იცავდა ქართულ ენას, ქართული ეკლესიის უფლებებს რუსთა ხელყოფისაგან, სინოდმა უარი უთხრა ეპისკოპოსის ხარისხზე.
მტრების გააქტიურების მიუხედავად საბინინი დაუცხრომლად იღწვოდა. იმდენი მოახერხა, რომ რუსეთში განთქმული მამა - იოანე კრონშტადტელი იოანე ზედაზნელის ღვაწლით დააინტერესა და ზედაზნის მონასტრისთვის 16 ფუთიანი ზარი გამოაგზავნინა საჩუქრად.
ფრიად საყურადღებოა საბინინის შრომები ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. 1872 წელს მან რუსულად გამოაქვეყნა „ქართული ეკლესიის წმინადების ცხოვრებათა სრული აღწერილობა“, ხოლო 1877 წელს, ასევე რუსულად, „ქართული ეკლესიის ისტორია“. საბინინს განზრახული ჰქონდა ფრანგულადაც გამოეცა ქართული ეკლესიის ისტორია, მაგრამ უცნობია, განახორციელა თუ არა მან ეს საქმე, რადგან ასეთი ნაშრომი ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
რუსეთში გაძევებული და ჯანმრთელობაშერყეული საბინინი ითხოვდა, მისი ნეშტი საქართველოს მიწისათვის მიებარებინათ, კერძოდ, დავითგარეჯის მონასტერში დაეკრძალათ. მაგრამ იგი გარდაიცვალა მოსკოვში 1900 წლის 10 მაისს ფილტვების ანთებით და დაკრძალეს წმინდა დანიელის მონასტერში. სამწუხაროდ, საბინინის საფლავის კვალი დღეს სრულიად გამქრალია. საქართველოში მის სახელზე ოთხი პანაშვიდი გადაიხადა მხოლოდ ეპისკოპოსმა კირიონმა, იგი მოუხსენებია ბაქოს ქართველობასაც.
*ლითოგრაფია - ბეჭდვა სპეციალური ბრტყელი ქვის
ზედაპირიდან, რომელზედაც წინასწარ ხატავენ.
*ექსორია -
გადასახლება.
გამოყენებული წყარო:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“, №63, 2003
ვაჟა კიკნაძე, ისტორიის მეცნიერებათა კადიდატი