არტურ ლაისტი

1852–1927

არტურ ლაისტი დაიბადა გერმანიის ქალაქ ბრესლაუში. ბრესლაუს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მრავალი ენის მცოდნე და ნიჭიერი პუბლიცისტი, პოლონურმა და გერმანულმა გამომცემლობებმა მიიწვიეს სათანამშრომლოდ. 1881 წელს იტალიაში მოგზაურობისას მან გაიცნო ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის თაყვანისმცემელი – გერმანელი მწერალი ფ. ბოდენშტედტი და მისი რჩევით გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა. ის დაუკავშირდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას. 1882 წელს პოლონურ პრესაში დაიბეჭდა მისი წერილი „ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ“, ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში გამოქვეყნდა მისი სტატია „მივიწყებული ლიტერატურა“.

1884 წელს ლაისტი ილია ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვით ჩამოვიდა საქართველოში. მან ორი კვირა დაჰყო თბილისში და საფუძვლიანად გაეცნო მის ღირსშესანიშნაობებს. უკან დაბრუნებულმა ლაიფციგში პოლონურ ენაზე დასტამბა წიგნი საქართველოზე – „საქართველო, ბუნება, ადათ–წესები და მოსახლეობა“.

1885 წელს ლაისტი მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და ი. ჭავჭავაძის, ი. მაჩაბლის, ა. წერეთლისა და დ. ერისთავის დახმარებით შეუდგა „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნას (დაიბეჭდა დრეზდენსა და ლაიფციგში 1890 წ.). 1887 წელს ლაისტმა გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგიის თარგმანი გერმანულ ენაზე. მწერალი ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, ნაყოფიერად თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიაში“.

1892 წელს ლაისტი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. მწერალმა 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი „Kaukasische Post“, რომელსაც წლინახევრის განმავლობაში თავად რედაქტორობდა. ლაისტს ეკუთვნის მოთხრობები: „ქეთევანი“, „ვარო“, „ვარიპანიძიანთ ნინო“, ავტობიოგრაფიული თხზულება „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“, „მოგზაურის დღიური“ და სხვ. 1918 წლიდან იგი თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს გერმანული ენის ლექტორად. 1922 წელს ქართველმა საზოგადოებამ მას საქართველოში მოღვაწეობის 40 წლის იუბილე გადაუხადა. 1923 და 1927 წლებში გამოიცა ლაისტის თხზულებათა კრებული „საქართველოს გული“ ორ წიგნად.

არტურ ლაისტი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.