ერთიანი საქართველოს მეფეთა ტიტულატურა

„ტიტული“ ლათინური სიტყვაა და საპატიო წოდებას“ ნიშნავს. ქართველ მეფეებს ჰქონდათ როგორც უცხოური (უმეტესად ბერძნული), ისე ქართული ტიტულები.

ტიტულებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ. საერთაშორისო ურთიერთობაში ტიტული მისი პატრონის სახე იყო. ტიტულს უნდა ეჩვენებინა:

1. სამეფო საგვარეულოს ღირსება;

2. მეფის კავშირი ღმერთთან;

3. მისი სამფლობელოს სიდედე და სიმდიდრე.

ბიზანტიური ტიტულებიდან ქართველი მეფეები ატარებდნენ პატრიკიოზის, მაგისტროსობის, ნოველისიმოსის, სევასტოსისა და კურაპალატის ტიტულებს, რომელთაგან უმაღლესი კურაპალატობა იყო. თავად ბიზანტიაში სულ 18 ტიტული არსებობდა და ყველაზე საპატიო ტიტულს მეთვრამეტე - კეისარობა წარმოადგენდა, კურაპალატობა მეთექვსმეტე ტიტული იყო, ანუ მნიშვნელობით მესამე ადგილზე იდგა. ქართველთაგან ბიზანტიამ ეს ტიტული პირველად ქართლის ერისმთავარს გურამს მიანიჭა.

ქართული ტიტულატურა, ანუ ტიტულების ჯგუფი, ერთბაშად არ წარმოშობილა, ამ პროცესს ორასი წელი დასჭირდა. ეს დაკავშირებული იყო საქართველოს პოლიტიკურ ვითარებასთან. ჩვენი ქვეყანა დანაწილებული იყო და სხვადასხვა კუთხეებს სხვადასხვა მმართველები ჰყავდა, ზოგიერთს კი დამპყრობლები განაგებდნენ. საქართველოს გაერთიანების პროცესი X-XI საუკუნეებში მიმდინარეობდა. ის ბაგრატ მესამის დროს დაიწყო და თამარ მეფის დროს დასრულდა. ქვეყნის გაერთიანებასთან ერთად შეივსო ერთიანი საქართველოს ხელისუფალთა ტიტულიც. კერძოდ, თამარი იწოდებოდა ხელმწიფედ „აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა და სომეხთა მეფისა და დედოფალთ-დედოფალი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

საიდან მოდის და რას ნიშნავს „მეფე აფხაზთა“, „მეფე ქართველთა“, „მეფე სომეხთა“, „მეფე რანთა“ და ა.შ. ?

დავიწყოთ „აფხაზთა მეფიდან“.

ვიდრე „აფხაზეთის სამეფო“ შეიქმნებოდა, მთელი დასავლეთ საქართველო გაერთიანებული იყო ერთ სამეფოში, რომელსაც ეგრისის სამეფო ერქვა. VIII საუკუნიდან ეგრისის სამეფო ცალ-ცალკე სამთავროებად დაიშალა. დროთა განმავლობაში მათ შორის ყველაზე მეტად აფხაზთა სამთავრო გაძლიერდა. მისი მთავარი ლეონ II საკუთრივ აფხაზეთსა და დანარჩენ ეგრისში გაბატონდა და თავი „აფხაზთა მეფედ“ გამოაცხადა. ასე ჩაეყარა საფუძველი ახალ დასავლურ-ქართულ სამეფოს, რომელსაც მმართველი დინასტიის მიხედვით „აფხაზთა სამეფო“ დაერქვა.

ახლა კი „ქართველთა სამეფოს შესახებ“:

 VIII საუკუნის დამლევსა და IX საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოში არაბები ბატონობდნენ, ქვეყანა ცალკეულ სამთავროებად იყო დაყოფილი. ამ დროს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში, კლარჯეთის სამთავროში მოღვაწეობდა აშოტ I ბაგრატიონი.

აშოტ ბაგრატიონმა ქართლის ერისმთავრობას მიაღწია, შემდეგ ქართლს სხვა მიწებიც მიუმატა. როცა საკმაოდ გაძლიერდა,  განიზრახა, ქართლიდან არაბები განედევნა, ამიტომ იგი ბიზანტიას დაუკავშირდა, რომელმაც ერთგულებისათვის აშოტს კურაპალატის წოდება მიანიჭა. განაწყენებულმა არაბებმა სძლიეს ქართლის ერისმთავარს და იგი ქართლიდან გააძევეს. აშოტ კურაპალატი კლარჯეთში დაბრუნდა და ახალი ქართული სახელმწიფო - ტაო-კლარჯეთი დააარსა, რომელსაც „ქართველთა ქვეყანა“, ანუ „ქართველთა სამეფო“ დაერქვა, ხოლო მის მეფეებს „ქართველთა მეფეები“.

ახლა ვნახოთ, როგორ გაჩნდა ტიტული „მეფე აფხაზთა და ქართველთა“:

X საუკუნის 70-იანი წლებისათვის საქართველო პატარ-პატარა სამეფო-სამთავროებად იყო დაყოფილი. აფხაზეთის სამეფოში (დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას მოიცავდა) უსინათლო თეოდოსი მეფობდა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს კი ტაოელი ბაგრატიონები განაგებდნენ, სამხრეთ, ანუ იმიერტაოს - დავით III კურაპალატი, ჩრდილოეთ, ანუ ამიერტაოში (შავშეთ-კლარჯეთი, სამცხე-ჯავახეთი) - ბაგრატ II, ამის შემდეგ ქვეყანას მისი შვილი გურგენი განაგებდა.

ტაოელ ბაგრატიონებს შორის ეროვნული ცნობიერებითა და ძლიერებით დავით კურაპალატი გამოირჩეოდა, მის კარზე იზრდებოდა გურგენის შვილი ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ III). იგი დავითს ნაშვილები ჰყავდა, რადგან თავად უშვილო იყო. მაგრამ პატარა ბაგრატი მხოლოდ მისი მემკვიდრე არ იყო, ის ასევე მემკვიდრეობით მიიღებდა აფხაზეთის მეფობასაც, როგორც აფხაზთა უშვილო მეფის - თეოდოსის დისშვილი. დავით კურაპალატისა და ეგრის-აფხაზეთის მეფის ერისთავის - იოანე მარუშის ძის ძალისხმევით, ბაგრატი დასავლეთ საქართველოს ტახტზე დაჯდა და „აფხაზთა მეფედ“ იკურთხა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი „ქართველთა მეფობაც“ მიიღო და გახდა „მეფე აფხაზთა და ქართველთა“.

ახლა ვნახოთ, რა არის „მეფე რანისა“:

ეს წოდება ქართველ მეფეთა ტიტულში დავით აღმაშენებლის დროს აისახა, როცა მან საქართველოს შემოუერთა რანი და კახეთი ჰერეთთან ერთად. დავით აღმაშენებელი ასე იწოდებოდა: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, ჰერთა და კახთა - მზე ქრისტიანობისა“. წოდება „სომეხთა მეფეც“ დავითის დროს შევიდა ქართველ მეფეთა ტიტულში, როცა ქართველმა მეფემ ლორე-ტაშირის სამეფო გაათავისუფლა და სომხეთის მეფეები დაიმორჩილა.

გიორგი III ტიტულატურაში ჩნდება ასევე წოდებები: „შარვანშა“ (შარვანის შაჰი) და „შაჰანშა“ (ანისის მეფე). შარვანი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს ერქვა, ანისი კი ერთ-ერთი სომხური ქვეყანა იყო. შარვანიცა და ანისიც დავით აღმაშენებელმა სიცოცხლის ბოლო წლებში შემოიერთა და მისი მემკვიდრეების ტიტულატურაში აისახა კიდეც ეს მოვლენა. კერძოდ, მათი ტიტულატურა ასეთი იყო: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა და შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
გამომცემლობა „ციცინათელა“
ტომი 8