გერონტი გასვიანი

სვანეთი

სვანეთი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების - ენგურისა და ცხენისწყლის ზემო წელს.

სვანეთი, როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ჯერ კოლხეთის, შემდეგ ეგრისასა და აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოების შემადგენლობაში შედიოდა. XI-XV საუკუნეებში სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. XV საუკუნეში, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ, სვანეთი სამ ნაწილად გაიყო: ზემო სვანეთში დადიშქელიანთა სამთავრო წარმოიშვა, ერთი ნაწილი ოდიშის მთავარმა მიიტაცა, მესამე ნაწილს კი „თავისუფალი სვანეთი“ ეწოდა. ის 11 თემის, ანუ საზოგადოებისაგან შედგებოდა.

დღეს სვანეთი მოიცავს ორ რაიონს: მესტიის (ზემო სვანეთი) და ლენტეხის (ქვემო სვანეთი).

სვანური ენა წინაქართველური ფუძე-ენიდან მომდინარეობს და მისი განშტოებაა, რასაც ადასტურებს სვანურში შემონახული უძველესი ქართული სიტყვები და მისი არქაული ნიშნები.

სვანეთში უამარვი ეკლესია-მონასტერი არსებობდა, სადაც ძნელბედობის ჟამს ინახავდნენ მდიდრულ და იშვიათ ჯვარ-ხატებს, საღვთო წიგნებს, ხელნაწერებს და სიწმიდეებს.

სვანეთში დღემდე მოაღწია უძველესმა ციხე-კოშკებმა, უამრავმა ჯვარ-ხატმა, მხატვრობის ნიმუშებმა.

სვანეთი მუდამ ბურჯად და დარაჯად ედგა საქართველოს ჩრდილოეთ საზღვრებს და სამხედრო დაცვას. სვანთა საერთო ქართული თვითშეგნების თვალსაზრისით ნიშანდობლივია ლატალის თემის სოფელ მუხერის ეკლესიის ერთ-ერთი ხატის წარწერა (X ს.): „წმიდა მთავარანგელოზო მუხერისაო, ხელთუქმნელო, ადიდენ მეფენი ბაგრატუნიანნი და დადიანი და დიდებულნი და ერთობლივი საქართველო და ერთობილნი სუანნი“.

გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003