დევი ბერძენიშვილი
სამცხე სამხრეთ საქართველოს ისტორიული მხარეა. მოიცავს ახლანდელი ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და თურქეთის მომიჯნავე ტერიტორიულ ნაწილს. სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყური. აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის - სამძივარის რეზიდენცია. სამძივარი წმინდა ანდრია პირველწოდებულს მოუქცევია ქრისტიანობაზე, მასვე დაუსვენებია აწყურის ტაძარში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი.
XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდეგ კი კვლავ სამეფო ხელისუფლების ხელში გადავიდა. ამ პერიოდში დაწინაურდა სამეფო ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა - ჯაყელ-ციხისჯვარელთა - გვარი.
1266 წელს სამცხე მონღოლებმა დაიმორჩილეს.
XII-XIV საუკუნეები სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აქ აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე.წ. ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი).
XVI საუკუნის პირველ ნახევარში სამცხესა და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე შეიქმნა სამცხე-საათაბაგო.
XVI საუკუნის მეორე ნახევარში სამცხე თანდათან დაიპყრო ოსმალეთმა. რუსეთ-თურქეთის ომის (1828-1829წწ.) შემდეგ სამცხის ერთი ნაწილი საქართველოს დაუბრუნდა, ნაწილი დღევანდელი თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებშია.
გამოყენებული ლიტერატურა:
„საქართველო არის ესე“
ციცინათელა, 2003