თამარ მეფის ოთხი პორტრეტი

ვარძიაში

ბეთანიაში

ყინწვისში

ბერთუბანში

საბედნიეროდ, დღემდე შემოგვრჩა თამარ მეფის ოთხი პორტრეტი: ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის (დავით გარეჯის უდაბნო) ტაძრების მხატვრობაში.

ვარძიის შესასვლელის მოპირდაპირე ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია თამარ მეფისა და გიორგი III პორტრეტები. ორივეს ბიზანტიელ იმპერატორთა სამოსი აცვია. ასეთი სამოსი იმხანად ქართველ მეფეთა კარზეც ეცვათ. თამარ მეფეს მანდილი გვირგვინიდან პირდაპირ მხრებზე ეფინება, ლოყებზე კი კულულების ნაცვლად მოკლე თმის ხვეულები გადმოყრია. ეს იმას გვაუწყებს, რომ თამარი დაუხატავთ დაქორწინებამდე, ე.ი. 1185 წლამდე.

ბეთანიის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია თამარ მეფის, გიორგი III და გიორგი-ლაშას გამოსახულებანი. აქაც თამარსა და გიორგი III ბიზანტიელ იმპერატორთა საზეიმო სამოსი აცვიათ, ხოლო თამარის შვილს - ლაშა-გიორგის - წელში გამოყვანილი მოკლე კაბა მუხლებამდე წვდება და წელზე შემორტყმულ ქამარზე ხმალი ჰკიდია. სამივეს გვირგვინი ადგას. ცნობილია, რომ მეფედ კურთხევის დროს მეფეს, გარდა გვირგვინისა, აუცილებლად ხმალიც უნდა ჰქონოდა. ე.ი. ბეთანიის მოხატულობა შესრულებულია დაახლოებით 1207 წელს, ანუ გიორგი-ლაშას მეფედ კურთხევის წელს.

მოხატულობაში ყველაზე უკეთ თამარის სახეა შემონახული. იგი მოწიფულობის ასაკშია, ნიკაპზე მანდილი აქვს შემოვლებული, კულულები მხრებამზე სწვდება. ეს ყველაფერი გათხოვილი ქალისთვისაა ნიშანდობლივი.

ყინწვისის გუმბათიან ეკლესიაში თამარის, გიორგი  III და გიორგი-ლაშას გამოსახულებები ჩრდილოეთ კედლის ქვედა ნაწილშია გამოხატული. აქ მეფეთა სამოსი და სამკაულები უმნიშვნელოდ თუ განსხვავდება ბეთანიის მოხატულობისაგან. ამ მხრივ, მხოლოდ ლაშა-გიორგის ტანსაცმელი იპყრობს ყურადღებას. მას აქაც მოკლე და წელში გამოყვანილი კაბა აცვია, განსხვავება ისაა, რომ ყინწვისის ფრესკაზე იგი გვერდზეა ჩაჭრილი. ივანე ჯავახიშვილს მიაჩნია, რომ ასეთი კაბა ეცვათ ცხენოსნებს.

ბერთუბნის დარბაზული ტიპის ეკლესია დავით გარეჯის უდაბნოს ერთ-ერთი გამოქვაბულია. დღეს მისი სამხრეთი კედელი ჩამონგრეულია, მთლიანადაა გახსნილი ჩრდილოეთი კედელი და დაზიანებულია მოხატულობა. ძველი ფოტოსურათიდან ჩანს, რომ ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან იყო. ეკლესიაში შემსვლელი პირდაპირ ხედავდა თამარისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს, რომლებიც ჩრდილოეთ კედელზეა გამოსახული.

ბერთუბნის მოხატულობაშიც თამარს საზეიმო სამეფო სამოსი აცვია. გიორგი-ლაშას იგივე კაბა მოსავს, რაც ყინწვისის ფრესკაზე, მხოლოდ აქ კაბას ბეწვი აქვს შემოვლებული. ბერთუბნის ფრესკაზე ლაშა-გიორგი წვერ-ულვაშიანია და აქვს სამეფო ნიშნები: გვირგვინი და ხმალი, ხოლო წარწერაში, ისევე, როგორც თამარი, მეფედაა მოხსენიებული. მაშასადამე, მხატვრობა შესრულებულია იმ დროს, როცა დედა და შვილი ერთდ მეფობდნენ, ანუ თამარის სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, დაახლოებით 1212-1213 წწ.

ოთხივე გამოსახულებაში თამარ მეფეს აქვს სწორი წარბები, წაგრძელებულ ჭრილიანი თვალები, სწორი ცხვირი და პატარა პირი.

გამოყენებული ლიტერატურა:
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№34, 1999