მთაწმინდა

თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონები

პანთეონი ბერძნული სიტყვაა ("pan"- ყველა, "theos" - ღმერთი) და თავდაპირველად ყველა ღმერთის ტაძარს აღნიშნავდა. ასეთი ტაძარი რომში მდებარეობდა და იქ წარმართული ღვთაებების კერპები იდგა. მოგვიანებით პანთეონი ეწოდა ასევე გამოჩენილ ადამიანთა სასაფლაოს ან აკლდამას. პანთეონებს, როგორც წესი, ტაძრებთან აარსებდნენ.

დიდუბის პანთეონი

საქართველოში პირველი პანთეონი შეიქმნა  XIX საუკუნის 80-90-იან წლებში დიდუბეში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის შემოგარენში, რომელსაც მეურვეობდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.

პანთეონში დაკრძალულნი არიან მწერლები: შიო მღვიმემელი (შიო ქუჩუკაშვილი), ბაჩანა (თედო რაზიკაშვილი), იეთიმ გურჯი (იეთიმ დაბღიშვილი), ლადო ასათიანი, პაოლო იაშვილი, აკაკი ბელიაშვილი, უიარაღო (კონდრატე თათარაშვილი) და სხვები.

მეცნიერები და საზოგადო მოღვაწენი: ექვთიმე თაყაიშვილი (წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი), პლატონ იოსელიანი, სიმონ ყაუხჩიშვილი, მიხეილ თამარაშვილი (რომლის ნეშტიც იტალიიდან გადმოასვენეს 1978 წელს) და სხვ.

ხელოვნების მოღვაწენი: დიმიტრი არაყიშვილი, ნატო ვაჩნაძე, მოსე თოიძე, უშანგი ჩხეიძე, დავით კაკაბაძე, ბათუ კრავეიშვილი და სხვ.

მთაწმინდის პანთეონი

1929 წელს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად  გამოცხადდა თბილისის მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის ეზოც. თუმცა აქ პანთეონის დაარსების იდეა უფრო ადრე - 1915 წელს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში გაჩნდა.

მთაწმინდის პანთეონში კრძალავენ გამოჩენილ მწერლებს, საზოგადო მოღვაწეებს, მეცნიერებსა და ხელოვანებს. აქ განისვენებენ XIX-XX საუკუნის მწერლები და საზოგადო მოღვაწენი: ილია ჭავჭავაძე (წმიდა ილია მართალი), აკაკი წერეთელი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, დიმიტრი ყიფიანი, იოსებ გრიშაშვილი, შალვა დადიანი, გიორგი ლეონიძე, გალაკტიონ ტაბიძე და სხვ.

ხელოვნების მოღვაწენი: ლადო გუდიაშვილი, კოტე მარჯანიშვილი, აკაკი ხორავა და სხვ.

მეცნიერები: ნ. ბერძენიშვილი, ი. ვეკუა, ნ. მუსხელიშვილი, ს. ჯანაშია და სხვები.

თბილისში გამოჩენილი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეებისათვის არის კიდევ საბურთალოს პანთეონი.