მუშტაიდის ბაღი

ალბათ ყველას გისეირნიათ მუშტაიდის ბაღში, მაგრამ შეიძლება ყველამ არ იცის, როგორ გაჩნდა თბილისში ეს მშვენიერი ბაღი. „მუშტაიდი“ ქართული სიტყვა არ არის. ის იმ ადამიანის გვარია, რომელმაც ეს ბაღი გააშენა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში. ეს კაცი ირანელი იყო: დიდგვაროვანი ოჯახიდან, მეტად განათლებული, მჭევრმეტყველი. იყო ძალიან კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველას უყვარდა და დიდი სახელიც ჰქონდა გავარდნილი.

მუშტაიდი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა მას სამშობლოში ჩასვლა აუკრძალა. მუშტაიდი თბილისში დასახლდა. ხელისუფლებამ ნება დართო, სასულიერო სკოლა გაეხსნა და ამისათვის მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთიც კი გამოუყვეს, სადაც მან შესანიშნავი ბაღი გააშენა.

მუშტაიდის ბაღის დაარსებას მეტად სევდიანი ამბავი უდევს საფუძვლად. მუშტაიდს ცოლად ჰყავდა ულამაზესი ქართველი ქალი - ნინო, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ირანიდან გახიზნულმა, სწორედ მისი თხოვნით აირჩია საცხოვრებლად თბილისი. სამშობლოში დაბრუნებულ ნინოს დიდხანს არ უცოცხლია, იგი ექვსი თვეში გარდაიცვალა.

საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. შემდეგ მის გარშემო ულამაზესი ბაღი გააშენა. ბაღის მოსარწყავად მტკვრიდან 12 კილომეტრიანი არხი გაიყვანა.

შაჰმა მუშტაიდი შეიწყალა და ისიც დაბრუნდა სამშობლოში, ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. ამის შემდეგ ბაღმა რამოდენიმეჯერ გამოიცვალა პატრონი და ბოლოს სასეირნო ბაღად იქცა. მთავარმართებელმა მუშტაიდის ბაღი გაადიდ-გაალამაზა და სასეირნო და მოსალხენი ადგილი გახადა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი*, საზაფხულო თეატრი.

სწორედ მუშტაიდის ბაღის ღია სცენაზე ნახა პირველად ნიკო ფიროსმანმა ფრანგი მომღერალი მარგარიტა. ბაღში კონცერტებს სხვებიც მართავდნენ. აქვე ეწყობოდა გამოფენები, იწვევდნენ სტუმრებს. სწორედ აქედან აუშვეს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი 1882 წელს.

საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ცნობილი გერმანელი მწერალი,  არტურ ლაისტი, ასე იგონებს მუშტაიდს: „მუშტაიდი და მისი ახლომახლო მდებარე ბაღები ნამდვილი კერაა აქაური საოზგადოებრივი ცხოვრებისა. აქ ყოველ საღამოს, ხუთი საათიდან შუაღამემდე, გაცხარებული დროსტარებაა, ჭეშმარიტად მხიარული და ხმაურიანი, რადგან ქეიფის დროს ქართველებს უყვართ ბაასი. მუშტაიდი ჰქვია მტკვრის პირას მდებარე ვრცელ და მშვენიერ ბაღს, დასერილს ხეივნებით, სადაც სეირნობენ ეტლებითა და ფეხით. ამ ხეივნებს ორსავე მხარეს ჩარიგებული აქვს ველურ ვარდთა და სხვა მცენარეთა ბუჩქები, ხოლო ზედ ხეებზე ყურძნის მტევნებით დახუნძლული ვაზი ადის. ამ ამწვანებულ, დაჩრდილულ ბაღში ყოველ საღამოს იკრიბება თბილისის საუკეთესო საზოგადოება“.

მას შემდეგ მრავალჯერ ეცადნენ სახელი შეეცვალათ ბაღისათვის: ხან რკინიგზელთა სახელობისა უწოდეს, ხან ორჯონიკიძის, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავისი დამაარსებლის, თბილისელი სპარსის, მუშტაიდის სახელი დაიბრუნა.

ტექსტის მოსამზადებლად გამოყენებული ლიტერატურა:
მზია ქუცნიაშვილის სტატია „მუშტაიდის ბაღი...“

*პავილიონი - საგამოფენო შენობა