მეტეხის ტაძარი

თბილისის ისტორიულ ძეგლთა შორის მეტეხის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი სახელწოდება ეკლესიაში დასვენებული მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უნდა უკავშირდებოდეს. ისტორიულ წყაროებში ეს ტაძარი „მეტეხნის“ ან „მეტეხთას“ სახელით იხსენიება.

მეტეხის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ეკლესიის გეგმაში აშკარად შეინიშნება არქაული (ანუ ძველი) ნიშნები. ალბათ იმ ტაძრისა, სადაც თამარ მეფე ლოცულობდა. მთავარი კარი და კარიბჭე მეტეხს ჩრდილოეთ მხარეს აქვს. ქართული ეკლესიებისათვის უჩვეულო ეს შტრიხი ალბათ ადგილმდებარეობის თავისებურებიდან გამომდინარეობს. ტაძარი აგურითაა ნაგები და გარედან ქვიშაქვის პერანგშია ჩასმული.

მეტეხის ტაძარი რამოდენიმეჯერ დაზიანდა, რის შემდეგაც განაახლეს ოთხივე გუმბათქვეშა სვეტი, გუმბათის საბრჯენი თაღები და მთლიანად გუმბათის ყელი.

მეტეხის ტაძარი დედაქალაქის უძველესი ნაგებობაა. როგორც ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, „იტყვიან ამას აღშენებად გორგასლისაო“. გადმოცემის მიხედვით მეტეხში დაკრძალულია ვარსქენ პიტიახშის მეუღლე შუშანიკ დედოფალი. ეს ცნობები ტაძრის სიძველეზე მიგვანიშნებს. თუმცა წერილობით წყაროებში წმინდა შუშანიკის დაკრძალვის ადგილი ცურტავია, ხოლო მეტეხში მისი ნეშტის გადასვენება წმინდა თამარ მეფის სახელს უკავშირდება.

XII-XII საუკუნეებში მონღოლთა შემოსევების დროს ტაძარი განადგურებულა. შემდგომში იგი აღადგინა წმინდა დემეტრე თავდადებულმა. „ქართლის ცხოვრების“ ჟამთააღმწერელი გვამცნობს, რომ დემეტრე მეორემ „აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა საყოფელად მეტეხთა ღვთისმშობლისა და შეამკო განგებითა დიდითა“. მეტეხთან არსებულ მონასტერში მოღვაწეობდა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (იგივე ნიკიფორე ირბახი).

XII საუკუნის დასასრული საქართველოსთვის ძნელბედობის ხანაა. მონღოლთა შემოსევამ და ბატონობამ ჩვენი ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობამდე მიიყვნა. ეს ხუროთმოძღვრებასაც დაეტყო. ამ და მომდევნო ხანაში სულ რამოდენიმე ტაძარი აიგო.

თემურ ლენგისა და მონღოლთა ბატონობამ, ირანელთა და ოსმალთა თარეშმა თბილისი ძალიან დააკნინა, დაინგრა და განადგურდა მრავალი ისტორიული შენობა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან მეტეხის ტაძარში წირვა-ლოცვა აღარ აღესრულებოდა. ამ დროს ის სპარსელთა და თურქთა ხელში იყო. ეკლესია მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 1748 წელს ერეკლე მეორემ აბდულა-ბეგი დაამარცხა. ამ გამარჯვების აღსანიშნავად ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე ვრცელი წარწერაა, რომელიც ღაღადებს: „მეფემ ირაკლიმ... დაიხსნა ეკლესიანი ახლა აქუს საყდრის კარად...“

XIX საუკუნეში მეტეხის ტაძარს რუსებმა საპატიმრო კორპუსები მიუშენეს, რომლებიც 1930 წელს დაანგრიეს.

კომუნისტური რეჟიმის დროს მეტეხის ტაძარი თეატრად იყო გადაკეთებული. 1988 წლის მაისში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მეტეხს ახალი ჯვარი დაადგეს და წირვა-ლოცვა განაახლეს.

მეტეხის ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობისაა.

გამოყენებული ლიტერატურა:
გია მარსაგიშვილი „მეტეხის ტაძარი“
ქართული საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“
№1, 1995