მას შემდეგ, რაც 1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და საქართველოს დანარჩენი ნაწილების დაპყრობას შეუდგა, თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა წართმეული სახელმწიფოებრიობის დაბრუნების მიზნით არაერთხელ ააფრიალა აჯანყების დროშა. ჩვენს ისტორიაში აჯანყების ერთ-ერთი ასეთი მცდელობა „1832 წლის შეთქმულების“ სახელითაა ცნობილი. ის რუსეთში, იქ გადასახლებულ ბატონიშვილთა წრეში ჩაისახა. კერძოდ, 1825 წელს პეტერბურგში მცხოვრებმა დიმიტრი იულონის ძემ, ხოლო 1826 წელს მოსკოვში იძულებით მყოფმა ოქროპირ გიორგი მეთორმეტის ძემ (ბაგრატიონებმა) გარს შემოიკრიბეს რუსეთში სასწავლებლად ჩასული ქართველი ახალგაზრდები და შეუდგნენ მომზადებას მომავალი შეიარაღებული აჯანყებისათვის. 1827 წელს კი პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა დიდი ქართველი განმანათლებელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე სოლომონ დოდაშვილი და შეთქმულების ცენტრმაც თბილისში გადმოინაცვლა. სოლომონ დოდაშვილი ღრმად განათლებული პიროვნება იყო, დამთავრებული ჰქონდა პეტერბურგის უნივერსტეტი.
|
რუსეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა ქართველ პატრიოტებს სამშობლოში თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში გამოზრდილი ახალგაზრობა დახვდა. აქ თანდათანობით გამოიკვეთა შეთქმულების ხელმძღვანელი ბირთვი სოლომონ დოდაშვილის, ელიზბარ ერისთავის, ალექსანდრე ორბელიანისა და იასე ფალავანდიშვილის შემადგენლობით. ფარული საზოგადოების აქტიური წევრები იყვნენ ის მოღვაწეებიც, რომელთაც შემდგომში ფასდაუდებელი ამაგო დასდეს ქართული ენის, ლიტერატურის, კულტურის აღორძინებასა და განვითარებას: ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, გიორგი ერისთავი, მანანა ორბელიანი და სხვები. საგანგებოდ უნდა მოვიხსენიოთ სასულიერო პირი - ფილადელფოს კიკნაძე. იგი იყო ავტორი შეთქმულების წესდებისა, რომელსაც „აკტი გონიური“ ეწოდებოდა. მანვე შექმნა საიდუმლო მიმოწერისათვის საგანგებო ანბანი. შეთქმულებს გადაწყვეტილი ჰქონდათ საქართველოდან რუსების განდევნა და აქ კონსტიტუციური მონარქიის დამყარება. მეფედ კი თავისი ქვეყნის თავისუფლებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი, სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული, სპარსეთში გადახვეწილი ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე მეორის ძე) უნდა მოეწვიათ.
აჯანყება, წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, მთელ კავკასიას უნდა მოსდებოდა, რათა საბოლოოდ ალაგმულიყო აქ რუსთა თარეში. მაგრამ შეთქმულებს რუსეთთან პოლიტიკური კავშირის სრულიად გაწყვეტა არ ჰქონდათ განზრახული, არამედ სურდათ, რუსეთ-საქართველოს შორის დამყარებულიყო საერთო ინტერესებზე დაფუძვნებული ურთიერთობა. სწორედ ამას ითვალისწინებდა 1783 წელს რუსეთთან დადებული ტრაქტატიც.
შეთქმულება დიდხანს და საფუძვლიანად მზადდებოდა. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იასე ფალავანდიშვილმა, საკუთარი ტყავის გადარჩენის მიზნით, შეთქმულება გასცა. შეთქმულნი დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი „ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის“ გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 „დამნაშავე“ გამოამჟღავნა. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა. მღვდელი ფილადელფოსი გამოძიების დასრულებამდე გარდაიცვალა ყაზარმაში.
|
რას უნდა გამოეწვია სისასტიკით ცნობილი ნიკოლოზ პირველის „გულჩვილობა“ და ქართველთა შეწყნარება? საქმე ისაა, რომ რუსეთი მსოფლიოს უმტკიცებდა: საქართველო საკუთარი ნებით შემოგვიერთა და ჩვენ მათი დამპყრობლები კი არა მფარველები ვართო. ახლა კი გამჟღავნდებოდა რუსეთის ნამდვილი სახე. ეს კი არ აწყობდათ. გარდა ამისა, იმ პერიოდში რუსეთს ომი ჰქონდა გაჩაღებული ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან და მათ დამორჩილებას ლამობდა. ბუნებრივია, რუსეთის მეფეს ქართველებთან ურთიერთობის გაუარესება კარგს არაფერს მოუტანდა. ნიკოლოზი თავისი იმპერიული ზრახვების დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ სურდა არა დასჯილ, არამედ „შეწყალებულ“ საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.
ერთი სიტყვით, სასამართლო პროცესიდან რამოდენიმე წლის შემდეგ ყველა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც შორეულ ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე (იგი 31 წლისა გარდაიცვალა).
ასე დაესვა წერტილი ქართველი მამულიშვილების თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.
გამოყენებული ლიტერატურა:
თამაზ ჯოლოგუა „1832 წლის შეთქმულება“
გაზეთი „ციცინათელა“, №29, 1999