მსოფლიოში უამრავი ენა არსებობს, მაგრამ დამწერლობა კი მხოლოდ 14-ია; სხვადასხვა ენები ამ დამწერლობებს იყენებენ. ქართული დამწერლობა ერთ-ერთია ამ თოთხმეტიდან და მას მხოლოდ ჩვენ, ქართველები ვიყენებთ.
ჩვენი წინაპრები ქართულად ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. მე-5 საუკუნეში წერდნენ. მოგვიანებით, ქართლის მეფემ ფარნავაზმა ქართული ენა სახელმწიფო ენად ჰყო და ქართულმა დამწერლობამაც ამ პერიოდში უფრო სრულყოფილი სახე მიიღო.
დროთა განმავლობაში ქართული დამწერლობა იხვეწებოდა, ფორმას იცვლიდა, ახალ ნიშნებს იძენდა. დღესდღეობით, ჩვენ გვაქვს სამგვარი ქართული დამწერლობა: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. თავდაპირველად ქართველები ასომთავრულ დამწერლობას იყენებდნენ, მისი განვითარების შედეგად კი წარმოიშვა ნუსხა-ხუცური დამწერლობა, რომელსაც ღვთისმსახურებაში ხმარობდნენ. საეკლესიო წიგნები დღესაც ხუცური დამწერლობითაა ჩაწერილი. ამ დამწერლობის დასახელება მომდინარეობს სიტყვიდან „ხუცესი“, რაც მღვდელს, ღვთისმსახურს ნიშნავს. ნუსხა-ხუცური დამწერლობიდან განვითარდა მხედრული დამწერლობა, მას საერო დანიშნულება ჰქონდა. მართალია, ეს სამი დამწერლობა ერთმანეთისაგან განვითარდა, ისინი არ მივიწყებულა, ერთდროულად გამოიყენებოდა. ასომთავრულით იწყებდნენ აბზაცებს, წინადადებებს ხუცურ წიგნებში, ასომთავრულითვე წერდნენ წარწერებს ფრესკებზე. თუ თქვენ კარგად შეისწავლით ასომთავრულ დამწერლობას, შეძლებთ წაიკითხოთ, ვინ არიან გამოხატული ხატებსა და ფრესკებზე. რაც შეეხება მხედრულს, მას ხმარობდნენ წერილების მისაწერად, სამეფო ბრძანებების დასაწერად, ლიტერატურული ნაწარმოებებისა თუ მატეანეების ჩასაწერად და ა.შ. დღეს ჩვენც სწორედ მხედრულ დამწერლობას ვიყენებთ.
თანამედროვე ქართულში 33 ასო-ბგერაა. ძველად კი 38 იყო, შემდგომში, ენის რეფორმის დროს, ხუთი ასო ამოიღეს - ეს ასოებია: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ, რომლებიც თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. თუმცა თქვენ მათ შეხვდებით ლოცვების წიგნებში, რადგან ლოცვები ძველ ქართულ ენაზეა შედგენილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ძველად არ იყენებდნენ ისეთ ციფრებს, როგორსაც დღეს ჩვენ ვიყენებთ. თქვენ ალბათ იცით, რომ ის ციფრები, რომლებსაც დღეს ვხმარობთ, არაბული წარმოშობისაა, ისინი არაბებმა მოიგონეს, შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ გადაიღო მათგან. მანამდე კი, სანამ ისინი არ იყო, ციფრების აღსანიშნავად გამოიყენებოდა თვითონ ასოები. ყველა ასო რაღაც ციფრს აღნიშნავდა. მაგალითად, ა აღნიშნავდა 1-ს, ბ - 2-ს და ა.შ.
ქვემოთ მოგვყავს ქართული დამწერლობის ნიმუშები* თავისი რიცხვითი მნიშვნელობებით (ასევე, შესაბამისი ლათინური ასოებით). იმედი გვაქვს, თქვენ კარგად დაისწავლით სამივე დამწერლობას, რადგან ქართული ანბანი ერის განძია და ის ბავშვობიდანვე ყველა ქართველმა უნდა იცოდეს.
1 - ასომთავრული ასოები
2 - ნუსხა-ხუცური ასოები
3 - მხედრული ასოები
4 - ლათინური ასოები
5 - რიცხვითი მნიშვნელობები